იუსტიციის მინისტრმა ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

16/07/2016

სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლის სწრაფი და კომფორტული მომსახურება სულ მალე ონელებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. რაჭაში მშენებარე იუსტიციის სახლს 16 ივლისს იუსტიციის მინისტრი ესტუმრა. თეა წულუკიანი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. თეა წულუკიანთან ერთად ონში მიმდინარე მშენებლობა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
ონის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ოთხი ფილიალიდან, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ახალქალაქსა და ლაგოდეხში, უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. ონის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისებიც განთავსდება. აქვე მოეწყობა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი.
ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს.
ონის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობის ფართი 590 კვადრატული მეტრია. ტენდერი ონის ფილიალის მშენებლობისთვის 2015 წლის მაისში გამოცხადდა.
ონის იუსტიციის სახლში 25 პირი დასაქმდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0