იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა სამიტზე გაემგზავრა

15/01/2018

იუსტიციის მინისტრი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში გაემგზავრა. თეა წულუკიანი კარიბის ზღვის რეგიონის მაღალი დონის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა“ − მინისტრი სიტყვით გამოვა და ქართული რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
მინისტრი სამიტის მონაწილეებს ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და იუსტიციის სახლების ფუნქციონირების შესახებ გამოცდილებას გაუზიარებს; ისაუბრებს გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის სახელმწიფოში გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად გასული წლის სექტემბერში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კარიბის ზღვის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან. ანტიგუა და ბარბუდაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი 19 იანვარს სრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0