თეა წულუკიანი არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბუენოს აირესში არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარას შეხვდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო. თეა წულუკიანმა არგენტინელ მინისტრს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის, რეგიონებში ელმმართველობის დანერგვის შესახებ, ასევე, ელექტრონული აუქციონების, ელექტრონული ტენდერებისა და სხვა სისტემების შესახებ უამბო. მინისტრმა სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების პრინციპებზეც ისაუბრა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ნაწილია და 2017 წლის იანვარში უნდა ამოქმედდეს. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაცემისას ელექტრონული სისტემების მუშაობასა და სპეციფიკაზე. ანდრეს იბარამ არგენტინის მთავრობის მოდერნიზაციის ახალ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც არგენტინის ფედერალური ოლქებისა და ცენტრების ელექტრონულ ერთიან სისტემაში ჩართვას და ღია მმართველობის დანერგვას ითვალისწინებს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას ღია მმართველობის, მთავრობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის და ელექტრონული მმართველობის შესახებ, რაზეც უკვე ორი სამინისტროს ექსპერტები იმუშავებენ. დღესვე იუსტიციის მინისტრი არგენტინის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის საშუალებითაც გასულ წელს არჩევნები ბუენოს აირესში ელექტრონულად ჩატარდა. პრეზენტაციას არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, ვიცეპრეზიდენტი გაბრიელა მიჩეტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრს შეხვდა
24/06/2016