იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას მხარი დაუჭირა

01/05/2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება, რომელიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს ეხება. პროექტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილია კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. ანალოგიურ მიდგომას იყენებს საქართველოს კანონმდებელი იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ დადგენილი უფლების დარღვევებს. აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0