იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა, რომელიც გარკვეულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე მოხდება საჯარიმო სანქციების გამკაცრება, ასევე, გაიზრდება სახდელის დადების ვადები. კანონპროექტით გაიზრდება: ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა; ასევე ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედებისთვის (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დაწესებული ჯარიმის ოდენობა; პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებული საჯარიმო სანქცია. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევა – უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა. აღნიშნული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადება შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს 6 თვისა, სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელა
03/04/2023