იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების ნაწილი, თბილისის ეკონომიკური და სოციალური მასშტაბების გათვალისწინებით. კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებითვის. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ნორმის რეგულირების სფერო ფართოვდება და ეზოების, ქუჩებისა და მოედნების გარდა ზემოაღნიშნული ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ასევე სკვერებშიც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განცხადებით, ცვლილება შეეხება, ასევე, გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების დაკისრების საკითხთან დაკავშირებული ცვლილება განიხილა
01/03/2023