იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილა

15/02/2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა. პროექტით, კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია) და ასევე, №2 დანართით (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებების ნუსხას ემატება 8 ახალი ნივთიერება: 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიკლაზეპამი, დიფენიდინი, იზოტონიტაზენი, კლონაზოლამი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა და ფლუბრომაზოლამი.

„არც ერთი ეს ნივთიერება არ გამოიყენება სამედიცინო მიზნებისთვის. მათი გამოიყენება ხდება მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო მიზნებისთვის. ამდენად, ამ ეტაპზე ამ ნივთიერებების მცირე, საშუალო და მაღალი დოზის ოდენობის დადგენა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევეს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კანონპროექტის წარდგენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, კანონში ცვლილების შეტანით მოხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0