იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება და თანმდევი კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება, კერძოდ: მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:
რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით (კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი) არ დაიბეგრება – მარტოხელა მშობელი, ნაცვლად – მარტოხელა დედისა.
პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ორივე კანონი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა.