პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, უმრავლესობის კვოტით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ისკო დასენი აირჩია. დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დოკუმენტებით გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელ პირად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი განსაზღვრა.
ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის N270/17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგია „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში 2019-2030 წლებისთვის“ და „საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის“.
სხდომის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობისთვის.
„დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას 2019 წლის ფარგლებში გაწეული მუშაობისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომიტეტის წევრებს, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო აპარატის თანამშრომლებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გაწიეს 2019 განმავლობაში იმისათვის, რომ კომიტეტი ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ გვქონდა. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობა შედგა კომიტეტის ფარგლებში 2019 განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელიც იქნება საინტერესო. იქნება გამოწვევები, თუმცა კომიტეტი მზად არის ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს კვალიფიციურად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.