იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

24/10/2017

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონიდან საპროცედურო ნორმების მთლიანად ამოღება და მათი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გადატანა ხდება. ამასთანავე, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, 50-დან 70 წლამდე იზრდება თანაავტორობით შექმნილი ტექსტის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებზე საავტორო უფლებების მოქმედების ვადა.
ნიკოლოზ გოგილიძემ კომიტეტის წევრებს წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე სხვა კანონპროექტებში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა.
კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი კომიტეტმა ერთხეულ უკვე განიხილა და აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ავტორმა კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გულდასმით განიხილა და ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად პოზიციების შეჯერება მოხდა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბაქრაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე კომიტეტს დამატებითი შენიშვნები არ გამოუთქვამს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, მაია ზავრაშვილის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებზე კენჭისყრამდე კომიტეტმა დამატებითი შეხვედრა მოითხოვა.
საკითხი შეეხებოდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს, რომლებიც კომპლექსური ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0