იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

18/10/2017

საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ბესელიამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების მხრიდან მოისმინა ინფორმაციას რეფორმის მიმდინარეობისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა.
„მიხარია, რომ წელს დაიწყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის იმპლემენტაცია. ამ რეფორმამ უკვე დაიწყო მოქმედება. პირველი ოქტომბრიდან მთელი რიგი ნორმები ძალაში შევიდა და შემდეგ, ეტაპობრივად კანონი უკვე სრულად ამოქმედდება. რეფორმა ოთხწლიანია და 2020 წლისთვის ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმ სტანდარტს, რომლითაც ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ შევქმენით უდავოდ მომავლის და ქვეყნის ხვალინდელი, უკეთესი მომავლის ფუნდამენტი. ეს კომპლექსური რეფორმაა, რომელიც რეალურად ყველა სფეროს ეხება ბავშვთა უფლებებიდან და გაეროს კონვენციიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ რეფორმის განხორციელებასაც და ამოქმედების პროცესსაც იმდენივე თანამონაწილე სჭირდება, რამდენიც შექმნის პროცესში ჰყავდა“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ
შეხვედრის მონაწილეებმა რეფორმაში ჩართული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოისმინეს ინფორმაცია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების აღსრულების მდგომარეობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ეს კანონი და კანონის სრულფასოვნად ამოქმედება, გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ჩავთვალოთ ინდიკატორულ კანონად თუ რამდენად სერიოზულად ვიზიარებთ ჩვენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც სკოლამდელ აღზრდასა და ბავშვთა ადრეულ განვითარებას ეხება“,-აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
შეხვედრის მონაწილეებმა, რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის პროცესში, სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზეც ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭო რეფორმის განხორციელებას აკვირდება და პერიოდულად ისმენს ინფორმაციას ყველა უწყებიდან. „სკოლამდელი განათლების რეფორმა ოთხწლიანი რეფორმაა, რომელიც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ და მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაიწყო ამ რეფორმის ამოქმედების ეტაპი. უკვე ვრცელდება მთელი რიგი ვალდებულებები სკოლამდელ დაწესებულებებზე. დაიწყო ავტორიზაციის პროცესი, რომელიც მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო მონიტორინგის საბჭო, რომელიც ამ რეფორმის განხორციელებას აკვირდება და პერიოდულად ვისმენთ ინფორმაციებს ყველა უწყებიდან. აქ წარმოდგენილია ყველა ის სამინისტრო, რომელიც რეფორმის შემუშავების პროცესში იყო ჩართული, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, საჭირო იქნება ახალ საკრებულოებთან და ახალი შემადგენლობის მუნიციპალიტეტებთან მუშაობა, რომ სწრაფად მოხდეს რეფორმის ამოქმედება ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. „ეს არის უნიკალური რეფორმა, რომელიც გულისხმობს როგორც ერთიანი განათლების სისტემას და სწავლის სისტემას, ასევე -ინფრასტრუქტურის, ჰიგიენის, კვების, ჯანდაცვის, უსაფრთხოების ახალი და ევროპული სტანდარტის დანერგვას. ამ რეფორმის პირობებში ახალი ბაღები ახალი სტანდარტით იხსნება“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ავტორიზაციის პროცესი 2018 წლის31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში მოხდება ყველა მუნიციპალიტეტის ინფორმაციის მოსმენა და ასევე გაგრძელდება ამ პროცესის მონიტორინგი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0