იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენისთვის, პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის სავალდებულო იურიდიული ნორმით უზრუნველყოფის საკითხს შეეხება.
პროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.
კანონპროექტის ინიციატორი 30 000 ამომრჩეველია, ხოლო ავტორი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი. ცვლილების მიზანია პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების გზით წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის კუთხით იხილება. „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად ნებისმიერ ნიშნისა და თანასწორობის იდეიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გადავხედავთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციას და პრაქტიკას, ზოგადად გენდერული კვოტა არის ეფექტური, მაგრამ დროებითი იძულების საშუალება და მიმართულია ქალთა უფრო აქტიური ჩართვისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა მმართველ სტრუქტურაში და საჯარო სივრცეში“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული კვოტირების საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების მიღება პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.
პროექტით შემოთავაზებული იყო, რომ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი და თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, მაშინ ეს მანდატი უქმდება.
საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, გაიზიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მოსაზრება, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ფორმულირება შეიცვლება, კერძოდ: პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის კანდიდატის არ არსებობის შემთხვევაში მანდატი აღარ გაუქმდება და პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებს სხვა სქესის წარმომადგენელი. იგივე პრინციპი გავრცელდება საარჩევნო ბლოკებში შემავალი პარტიების შემთხვევაში.
იურიდიულ საკთხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტები.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებებით ხდება: ეროვნული ბანკის, როგორც ზედამხედველობის ორგანოს გაძლიერება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ასევე, არსებული ხარვეზების შესწორება.
მისი თქმით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განხილვის შემდეგ, რამდენიმე საკითხი აღარ იქნება გათვალისწინებული კანონპროექტში, კერძოდ: იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაცია აღარ იქნება წარმოდგენილი; გადამცვლელ ჯიხურებს მოსაკრებელი არ გაეზრდებათ; ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის შესაძლებლობაზე შეზღუდვა აღარ დაწესდება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბიზნესში მონაწილეობის პროცენტული განაკვეთები აღარ შეიცვლება.
„საბანკო ჯგუფის“ განმარტების დამატების საფუძველზე, ეროვნულ ბანკს ექნება უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე საბანკო ჯგუფებს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარმოადგინა.
ცვლილების მიზანია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კოდექსში საქართველოს პარლამენტის 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე განხორციელებული სხვა ცვლილებების ტექნიკური ასახვა, რათა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგ ნორმებს შორის არ მოხდეს გადაფარვა და მოხდეს უკვე მიღებული კანონპროექტების შესაბამისობა იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის თვალსაზრისით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ასევე პირველი მოსმენისთვის განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროქტი.
ცვლილებსი მიზანია, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სავალდებულო სამხედრო მომსამსახურეთათვის განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მოპოვებისთვის დადგენილი წესები გავრცელდეს ასევე სამხედრო სამსახურში მყოფი სხვა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების (საკონტრაქტო და კადრის სამხედრო მოსამსახურე) მიმართ, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობის ხელშეწყობა.
კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
05/10/2017