პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს პატრიოტების ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ირმა ინაშვილმა მედიის წარმომადგენლებს შექმნილ ვითარებაზე საქართველოს პატრიოტების პოზიცია და რამდენიმე პუნქტიანი ღია კითხვები გააცნო. ირმა ინაშვილის განცხადებით, ზოგადად, გამოძიება უნდა დაიწყოს გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის ფაქტზე, ვინაიდან სწორედ ამ პროვოკაციამ გამოიწვია შემდგომი პროცესები. მისი შეფასებით, მას შემდეგ, რაც მოხდა ქვეყანაში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს ხელისუფლება.
„ამ წუთებში პარლამენტი მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიას ეპიზოდზე მოუხსნან თუ არა სადეპუტატო იმუნიტეტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს სიღრმისეულად და გამოძიება აუნდა დაიწყოს გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის გამოძიებიდან.
ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ეს იყო ბოკერიას პარტიის და „ქართული ოცნების“ მიერ ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია პარლამენტში და სწორედ ამ პროვოკაციას მოჰყვა მოგვიანებით ვნებათაღელვა პარლამენტის წინ. ამდენად, სამართლიანი იქნება იმუნიტეტის მოხსნა სწორედ ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მაგრამ ქართული ოცნება ამ წუთებში მსჯელობს მხოლოდ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე, რაც ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიანად იმიტომ, რომ ბოკერიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. მაგრამ ქართული ოცნება ცდილობს გადაარჩინოს მისი მთავარი მოკავშირე და რეალური სატელიტი ბოკერიას სახით. ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან მიდგომად.
ახლა ღია კითხვები მინდა დავსვა რაც საზოგადოებაში არსებობს და ეს კითხვები ტრიალებს სწორედ გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციიდან. დღევანდელი ბრიფინგი მინდა დავიწყო პირდაპირ ღია კითხვებით:
1. საქართველოს ხელისუფლება 2 თვის მანძილზე ინტენსიურად სთხოვდა, ეხვეწებოდა რუს დეპუტატს – გავრილოვს, ჩამოსულიყო საქართველოში! ჩვენ გვაინტერესებს, რა იყო რეალურად ამ დაჟინებული და ინტენსიური ხვეწნის მიზანი?
2. საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს საქართველოში ეპატიჟებოდა ოჯახთან ერთად, რადგან გავრილოვი წარმოშობით საქართველოდანაა, მისი ბაბუა დედის მხრიდან, გვარად ლომთაძე, წარმოშობით თბილისიდან იყო. დედა ქართველი ჰყავს. საქართველოს ხელისუფლება გავრილოვს ჰპირდებოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რის დაცვასაც არ აპირებდა! ჩვენ გვაინტერესებს, რას ნიშნავს ეს თამაში?
3. გავრილოვს ასამბლეის პირველ დღეს დახვდნენ ტაშ-ფანდურით, სიმღერით და ქართული პურ-მარილით. გვაინტერესებს – რატომ? მიწვეული იყო სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ამას დისკომფორტი არავისთვის შეუქმნია! ესეც ოფიციალური სახელმწიფო დაწესებულებაა!
4. მეორე დღეს გავრილოვი მიიყვანეს პარლამენტში და დაუთმეს თავმჯდომარის სავარძელი, რომლის დაკავების უფლება, მეც კი (ვიცესპიკერს) არა მაქვს ბიუროს და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების გარეშე! რატომ და ვინ დაუთმო გავრილოვს ეს ადგილი?
5. რატომ დაინიშნა ასამბლეის შეკრება მაინცდამაინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში?
6. 2 წუთში დარბაზში როგორ აღმოჩნდა ბოკერიას პარტია – წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით. მაინტერესებს, წინასწარ საიდან იცოდნენ, რა მოხდებოდა და 1 წუთში როგორ დაიბეჭდა პლაკატები, რომელთა დაბეჭდვას 1 დღე სჭირდება?
7. მაინტერესებს თქვენ – ტელეარხებს და მედიასაშუალებებს კონკრეტულად ვინ, რა წყარომ მოგაწოდათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს გავრილოვი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში და დარღვეული ჰქონდა სავიზო პირობები? რატომ უარყო ეს ინფორმაცია სუსმა მთელი 8 საათის შემდეგ, როცა პროცესები პარლამენტთან გამწვავდა, რატომ არ გააკეთეს ეს მანამდე? რას ელოდნენ, პროცესების გამწვავებას?
8. მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდნენ 15 წუთში პარლამენტის შენობასთან (მას შემდეგ, რაც გავრილოვი გაიყვანეს) აქტივისტები, ასევე, წინასწარ დაბეჭდილი პლაკატებით?
9. მაინტერესებს, რატომ გაიყვანეს (უკვე „რედისონს“ ვგულისხმობ) გავრილოვი არა სათადარიგო გასასვლელიდან, არამედ გამოიყვანეს მთავარი გასასვლელიდან, სადაც იდგნენ, ასევე, პლაკატებიანი აქტივისტები, რატომ დაუშვა ეს ხელისუფლებამ და რატომ დაუშვა პოლიციამ, რომ აქტივისტებს ხელი დაერტყათ გავრილოვისათვის?
10. ის, რაც მოხდა, იყო დაგეგმილი პროვოკაცია! რომელიც დაგეგმა და აღასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ბოკერიას პარტიასთან ერთად! სააკაშვილის პარტია ამ პროცესში შემდეგ ჩაერთო და ფაქტობრივად გეგმა აურია „ქართულ ოცნებას“ და ბოკერიას! პროცესები გავიდა მათი კონტროლის ზონიდან. ბოკერია გაემიჯნა სააკაშვილის პარტიას, ჩვენ ძალადობის მომხრე არა ვართო!
11. ამ კითხვებს ვსვამ მედიისა და საზოგადოების წინაშე, რადგან ადგილი ჰქონდა წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ სპექტაკლს – პროვოკაციას, ამ პროვოკაციის შემდგომმა პროცესებმა ფიზიკურად დააზიანა და დაასახიჩრა ათობით ახალგაზრდა!
ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს სწორედ გვრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის გამოძიებიდან!
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, – მე მიმაჩნია, რომ მას შემდეგ რაც მოხდა, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს ხელისუფლება!“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილა.