ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

19/02/2020

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქამდე აღნიშნული გზით სარგებლობა, განსაკუთრებით უამინდობის დროს, შეუძლებელი იყო.

„სამუშაოები 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეუძლებელი იყო ავტომობილით გავლა, განსაკუთრებით უამინდობის დროს. დღეს გვაქვს მთლიანად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, შეიძლება ითქვას ახალი გზა, რომლისთვისაც 2 მილიონ 700 ათასი დაიხარჯა. ამ გზით დავითაიას ქუჩა უკავშირდება მერვე ლეგიონის დასახლებას. გზა განათებულია ლედსანათებით, გაკეთდა სანიაღვრეები, მოეწყო უსაფრთხოების ჯებირები. ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პროექტის განსახორციელებლად, გათვალისწინებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები, თვალამრიდები და საყრდენი კედლები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ახალი გზის პარალელურად, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ და მისი პარკინგისკენ მიმავალი გზა და უჩაკოვის ქუჩის მონაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფი“ აწარმოა.
დასრულებულ სამუშაოებს, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა კაბუჩიძე და თბილსის საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0