„ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელებს გამოიყენებს

15/07/2016

მომავალში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტების განსახორციელებლად თვითმკვლელ ტერორისტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებს.
ასეთი მოსაზრება ფრანგულ გამოცემა Le Figaro -სთან საუბარში საფრანგეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, პატრიკ კალვარმა გამოთქვა.

მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ ტაქტიკას და მეთოდებს ცვლის იმისთვის, რომ თავდასხმები უფრო მასშტაბური გახდეს და მას უფრო დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს.

როგორც Le Figaro აღნიშნავს, ჯერ კიდევ მაისის თვეში, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დახურულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კონტრდაზვერვის უფროსი პატრიკ კალვარი აცხადებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები დანაღმული ავტომობილების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების ტაქტიკაზე გადავლენ.

„როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე თვითმკვლელ ტერორისტებს აამოქმედებენ, მაშინ საკუთარი მებრძოლების რიგებში დანაკარგის აცილებას და ამავდროულად, მაქსიმალური ზიანის მიყენებას შეძლებენ“, – აცხადებდა მაშინ პატრიკ კალვარი.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე დიდ საფრთხეს საფრანგეთისთვის წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც სირიაში და ერაყში საბრძოლო მომზადება გაიარეს და საფრანგეთში დაბრუნდნენ. არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა 500-ს აღწევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0