ირმა ინაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა

31/07/2017

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის საელჩოების, ასევე ნატოს სამოკავშირეო და ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
ირმა ინაშვილმა სტუმრებს გააცნო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ხედვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ფრაქციის წევრების რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ვიზიტის შესახებ და პატრიოტთა ალიანსის ინიციატივა საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნის თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა ასევე, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ფრაქციის და პარტიის ხედვაზე, როგორ უნდა აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საელჩოების წარმომადგნელებს ჩვენი დეპუტატების ვიზიტზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, მივაწოდეთ აღნიშნული შეხვედრების სტენოგრამა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, შეხვედრაზე დეტალური საუბარი გაიმართა პატრიოტთა ალიანსის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.
„საელჩოების წარმომადგენლებს ავუხსენით, რომ ჩვენმა დეპუტატებმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართულ პირველივე შეხვედრაზე, მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ საქართველოს გეზი არის ნატოში და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და ეს გეზი არ შეიცვლება. მაგრამ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი ითვალისწინებს უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებას იმისთვის, რომ რუსეთი არ აღიქვამდეს საფრთხედ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს არის სრულიად ახალი ფორმატი, პოლიტიკური ფორმატი და დღეს უკვე მიდის ჩვენი მუშაობა როგორც ნატოს წარმომადგნელებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რუსულ მხარესთან იმისათვის, რომ მოხდეს ამ ფორმატის რეალიზაცია. ჩვენ ვისაუბრეთ, იმის თაობაზეც, რომ რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს ამ ფორმატში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან.
„ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გახსნა აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენი დეპუტატების მიერ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებზე ითქვა, რომ რუსული მხარე არ ჩაერევა ამ პირდაპირი დიალოგის ფორმატში. ჩვენ ვიცით, რომ აქამდე მუდმივად იყო პრობლემა, არ ხერხდებოდა პირდაპირი დიალოგის აგება სწორედ იმის გამო, რომ რუსული მხარე არ ეხმარებოდა ამ ფორმატს და ეწინააღმდეგებოდა ხშირ შემთხვევაში. დღეს კი, რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსული მხარე, პირიქით, დაეხმარება პირდაპირი დიალოგის ფორმატს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი თქმით, საელჩოების წარმომადგნელებს მიეწოდათ ინფორმაცია იმას თაობაზე, რომ ქართველ და რუს დეპუტატებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაზე საუბარი იყო გალში ქართული სახელმძღვანელოების შეტანის შესაძლებლობაზე, ასევე იმასთან დაკავშირებითაც, რომ 25 წლის მერე, ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ სოხუმსა და ცხინვალში საფლავების მონახულებას.
„ეს მნიშვნელოვანია ათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთა ოჯახის წევრები და ნათესავები დაკრძალული არიან სოხუმში, ოჩამჩირეში, გალსა და ცხინვალში“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო საელჩოების დეტალური ინფორმირება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ვიზიტის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.
„ეს შეხვედრა ითვალისწინებდა იმას, რომ საელჩოებს დეტალური ინფორმაცია ჰქონოდეთ ჩვენი ვიზიტის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, ვინაიდან, ხშირად ხდება ინტერპრეტაციები როგორც მედია საშუალებებში, ასევე პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ვართ საჯარო პოლიტიკის მომხრე“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0