საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავამ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის მთავარი მიზანია საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობაზე ზრუნვა, კონკურენციის პოლიტიკის გამჭვირვალობის დაცვა და გაძლიერება, არადისკრიმინაციული წესების შემუშავება, რომელიც ეკონომიკის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის არსებითად მნიშვნელოვანია.
მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას მემორანდუმის ფარგლებში ითანამშრომლონ შემდეგი მიმართულებებით: კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება; ენერგეტიკის სფეროში კონკურენციის დარღვევის/სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და რეაგირება; სამუშაო/საკონსულტაციო შეხვედრების და სემინარების ორგანიზება; ინფორმაციის გაცვლა, კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება.
გაფორმებული მემორანდუმის წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებისა და ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ფარგლებში არსებული პირობები და დებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას, მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და მის იმპლემენტაციას.
ირინა მილორავამ და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
07/11/2017