ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

08/06/2020

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ წვლილისთვის რაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ნაფიც მსაჯულთა სასმართლოს განვითარების მიმართულებით დახმარებას ეხება. შეხვედრაზე ასევე ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, პროკურატურის სისტემის განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისთვის,საერთაშორისო დანაშაულებების გამოძიების საქმეებში ჩართულობის და დახმარებისთვის,ასევე საექსტრადაციო საკითხებში დახმარებისთვის.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“ – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტურს გახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები – ბაკურ აბულაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, გიორგი ბადაშვილი, ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0