ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

02/11/2021

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, ჩოელ კიუ ვანგს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, ასევე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, ბაკურ აბულაძე და ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, გიორგი გოგაძე, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი, ჰან მორაალი, ასოციაციის უფროსი ასისტენტი, ჰეჯინ ლისი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, თბილისში 2022 წელს დაგეგმილი, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენციის შინაარსობრივი და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღნიშნულ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით დელეგატი დაესწრება. საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ. საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებს შორის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე სიახლეების გაცნობისთვის. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დაგეგმვის და მომზადების კუთხით. ასევე, მან მადლობა გადაუხადა გენერალურ პროკურორს კარგად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრისთვის. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის თქმით, კონფერენცია ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიდო კოვიდ პანდემიის გამო და უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ წელს თბილისში კარგად ორგანიზებული კონფერენცია გაიმართოს.

„მიმაჩნია რომ საქართველო კარგი მაგალითია ქვეყნის, რომელმაც პროკურორთა დამოუკიდებელი საბჭოს და კონსტიტუციის მეშვეობით შეძლო დამოუკიდებელი პროკურატურის ფორმირება და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი განხილვის თემა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე მომდევნო წელს თბილისში’’ – აღნიშნა ჰან მორაალმა.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 183 ორგანიზაციულ წევრს და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0