საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოხტის ახალაშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც ინვენტარით აღჭურვის ეტაპზეა. მთავრობის მეთაური ადგილზე შესრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და განათლებისა და მეცნიერების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თანამედროვე სტანდარტების შენობაში, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი, 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა განთავსებული. პროექტის ფარგლებში მოეწყო სკოლის ეზო, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 30 აგვისტოს იგეგმება. პროექტის ღირებულება 1 782 350 ლარს შეადგენს. სოფელ კოხტაში, ახალი სკოლა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი. 2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ახალაშენებულ სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში შოთა რეხვიაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ კოხტის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება
11/08/2021