საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა – სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში შპს “აგრო ბალავარმა” და შპს „აგრო ბალავარი +”-მა ბაღის გაშენებისათვის 247,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ ასევე ისარგებლეს „შეღავათიანი აგროკრედიტით”, რომლის ფარგლებშიც სესხის ოდენობამ 768 500 ლარი შეადგინა. დამატებით, შპს „აგრო ბალავარ +”-მა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 35% თანადაფინანსებით 22 500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღო. მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროგრამების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. როგორც ადგილობრივმა ფერმერმა, ქეთევან ისიანმა აღნიშნა, რომ არა სახელმწიფო დაფინანსება და ხელშეწყობა, ბაღების გაშენება დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი” ქვემო ქართლის რეგიონში ახალი, მრავალწლოვანი ბაღის გაშენება 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აღემატება. ქვემო ქართლის რეგიონში, “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში გაცემულია 414 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება კი 61 მლნ ლარს აღემატება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი იმყოფებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა
08/04/2022