საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები. საუბარი შეეხო “საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის” განხორციელების დინამიკას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. მინისტრმა და მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ 15 თებერვლიდან ძალაში შევა მედიკამენტებზე დაწესებული რეფერენტული ფასები. ასევე აღინიშნა, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.
2023 წელს დაგეგმილია:
• რეფერენტული ფასებით დარეგულირებული მედიკამენტების ნუსხის გაფართოება (ესენციური მედიკამენტებიდან);
• ძვირადღირებულ მედიკამენტებზე უშუალოდ მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტის (Managed Entry Agreements) მექანიზმის დანერგვა;
• წამლის ხარისხის ლაბორატორიის სრულად ამოქმედება;
• ქრონიკული მედიკამენტების მოცვის პაკეტის გაუმჯობესება ( პირველ კვარტალში დასრულდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტების გადახედვა).
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს C ჰეპატიტზე 590 ათასზე მეტი პირის სკრინინგია დაგეგმილი, 2026 წლისთვის კი C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია იგეგმება.
სამუშაო თათბირზე საუბარი შეეხო სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. ამ მიმართულებით 2023 წელს დაგეგმილია:
• ინსულტის მართვის ცალკე მიმართულების შექმნა (stroke unit), იმისთვის, რომ ასეთი გამოძახების შემთხვევაში გამოძახებაზე პირდაპირ სპეციალიზებული ბრიგადა გავიდეს;
• 70 ახალი სტანდარტული სასწრაფოს მანქანის შეძენა, რის შედეგადაც ავტოპარკში აღარ იქნება 5 წელზე უფრო ძველი მანქანები;
• ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში, ახალქალაქში სერვისცენტრების მშენებლობა, აგრეთვე თბილისში ორი ახალი სერვისცენტრის აშენება და ამბროლაურის სერვისცენტრის რეაბილიტაცია – მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე გარემონტდა გადაუდებელი დახმარების 12 სერვისცენტრი. ასევე გაუმჯობესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტი და 23 ლარიანი პაკეტის ნაცვლად მათ 60 ლარიანი პაკეტი აქვთ.
• დაწყებულია მუშაობა იმისათვის, რომ სადისპეტჩეროს პროგრამა მიებას 112-ის პროგრამას, რაც საშუალებას მოგვცემს გამოიყოს ნაკლებად პრიორიტეტული ზარები და ასეთ შემთხვევებში პაციენტს მხოლოდ სატელეფონო კონსულტაცია მიეწოდოს. გეგმის მიხედვით, ამ სერვისმა დაახლოებით 35%-ით უნდა შეამციროს გამოძახებები და სამსახური ბევრად უფრო ეფექტიანი გახადოს;
• სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს სასწრაფოს ექიმები ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ სპეციალიზებული პარამედიკოსებით.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია დაფინანსების დრჯ-ის სისტემის მთელ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაზე გავრცელება (მშობიარობა, პერინატალური, თანდაყოლილი მანკები). ასევე, 2023 წელს დაინერგება ონკო და იშვიათი დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მწარმოებლებისგან შესყიდვის პირდაპირი მეთოდი. მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესის შესახებ. ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ქუთაისის კლინიკის სრული რეაბილიტაცია, შემუშავდება სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმა, აეწყობა სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიის სერვისი, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ხულოში, ყვარელსა და წალენჯიხაში. 2022 წელს დიალიზის ცენტრები გაიხსნა ამბროლაურში, ლანჩხუთში, მესტიაში, თიანეთში და ყაზბეგში.
2023 წელს ასევე დაგეგმილია სოფლის ექიმების პროგრამაში დამატებით 50 ტელემედიცინის კაბინეტის გახსნა. ქვეყნის მასშტაბით კი 100-მდე ამბულატორიის რემონტი დაიწყება. სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულების მიზნით დაგეგმილი ცვლილებები. აღინიშნა, რომ 2022 წელს პარლამენტმა მიიღო „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონი. კანონის გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა და ამ პერიოდში უნდა მოხდეს სისხლის ცენტრალური სახელმწიფო დაწესებულების ჩამოყალიბება და აღჭურვა, გაიდლაინებისა და სტანდარტების განახლება და უანგარო დონაციის ხელშემწყობი აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც მთავრობას განსახილველად წარედგინება 2023 წლის პირველ კვარტალში:
• “ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონი;
• “ადამიანის ქსოვილების და უჯრედების გადანერგვის შესახებ” კანონი;
• “დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ” კანონი.
აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ანტიმიკრობული რეზისტენტობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რაც გლობალური პრობლემაა და საჭიროებს მაღალი რანგის პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე დაწყებულია მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობის/საგნების რეგისტრაციისა და რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოზე ევროდირექტივების შესაბამისად. ხაზი გაესვა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტისთვის. ცვლილებები ითვალისწინებს პარამედიკოსების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების, ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიულ აღიარებას. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, 2023 წელს დაგეგმილია ამ პროფესიებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.
• დამტკიცდება საექთნო საქმის განვითარების განახლებული სტრატეგია და ხელი მოეწერება მემორანდუმს EBRD-სთან, ახალი სტრატეგიით გათვალისწინებული ნაბიჯების იმპლემენტაციის მიზნით.
• 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მინიმალური ხელფასის მექანიზმი – საათში 7 ლარი ექიმებისა და 4,4 ლარი ექთნებისთვის. ამ მექანიზმმა გააუმჯობესა 9000-მდე ექიმისა და 8300-მდე ექთნის შემოსავალი. დაგეგმილია ამ მექანიზმის განვრცობა პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალზე – ექთნის დამხმარესა და სანიტარზე.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს დევნილთა სააგენტოს გეგმები. მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს დევნილთა ბინით დაკმაყოფილების პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ 2023 წელს ბინების მშენებლობა 5 ქალაქში აქტიურ ფაზაში გადავა და წელსვე დაიხურება რამდენიმე პრობლემური ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართულებას, – 2023 წელს დაგეგმილია მომსახურების 13 ოფისის რეაბილიტაციის დაწყება, საიდანაც 5 ოფისის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება, დანარჩენი ოფისების რეაბილიტაცია კი, 2024 წელს დასრულდება. 2023 წელს ასევე დაგეგმილია მიზნობრივი სოციალური პროგრამის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება, რის შემდეგაც, 2024 წელს, ეტაპობრივად მოხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ახალი მეთოდოლოგიით. სამუშაო თათბირზე განიხილეს საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოქალაქე დასაქმდა. გეგმის მიხედვით, 2023 წელს დასაქმდება 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე. პრემიერ-მინისტრთან თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.