პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. სამიტის პლენარული სესია გახსნა ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა. რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.
ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „მულტილატერალიზმი უსაფრთხოებისა და გეოსტრატეგიული საკითხების ჩათვლით”. თემატური დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თავმჯდომარეობით გაიმართა. ლიდერებმა რეგიონულ გამოწვევებზე, კონფლიქტებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში ერთობლივი ძალისხმევის, ერთობის შენარჩუნება და გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი – ალენ ბერსე, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ნიკოს ხრისტოდულიდისი, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტი – გიტანას ნაუსედა, ლუქსემბურგის დიდი საჰერზოგოს პრემიერ-მინისტრი – ქსავიე ბეტელი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი – ლეო ვარადკარი, ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი – ევიკა სილინია და სხვა ლიდერები.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში
06/10/2023