ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

17/03/2021

საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა დევიდ მაკალისტერთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე – ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია რუსეთის მოქმედებები და საოკუპაციო პოლიტიკა. დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარებისადმი. შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ევროკავშირის მედიაციაზე დიალოგის პროცესში. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კომპრომისის მიღწევისა და პროცესების პარლამენტში გადატანის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა დიალოგის პროცესში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა ევროპელი პარტნიორებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0