ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა

20/03/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარს სტელა კირიაკიდისის ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა COVID-19-ზე და პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად გადადგმულ ნაბიჯებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს პანდემიით შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო ვაქცინაციის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ საქართველომ COVAX-თან ინტენსიური თანამშრომლობით ვაქცინის პირველი დოზები უკვე მიიღო და დამატებით მოცულობას უახლოეს მომავალში ელოდება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს. ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0