საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის შეხვდა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვანგ იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს – 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
22/09/2022