ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

02/06/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ერთობლივ რეგიონალურ პროექტებს, რაც რეგიონის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს და რეგიონის ფარგლებს გარეთ მნიშვნელობას შეიძენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლებაზე ისაუბრეს. აღნიშნული საბჭოს მუშაობის განახლება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. აქცენტი გაკეთდა თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატი განიხილეს, რომელსაც განვითარების შემდგომი პერსპექტივები გააჩნია. შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0