საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათავო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს.
კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.