საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე. ხაზი გაესვა, რომ ესპანეთი საქართველოს მკაფიო და სერიოზული მხარდამჭერია ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. აქვე, ესპანეთის პრემიერმა დაადასტურა მზაობა, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს ყველა დონეზე. გამოითქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ უახლოეს პერიოდში განხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, რომელსაც ასევე ექნება ბიზნეს კომპონენტი. ამ კუთხით ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, ესპანური კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. საუბარი შეეხო კოვიდპანდემიით მსოფლიოში გამოწვეულ რთულ ვითარებას. ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის პროექტებში ჩართულობის გზით, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მონკლოას სასახლეში გამართულ შეხვედრას, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ილია გიორგაძე ესწრებოდნენ.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა, ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნეს ფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესის კლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელად მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მე ასე ვიტყოდი, მთელ მსოფლიოში არის საუკეთესო ელჩი ჩვენი ქვეყნის. ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.