ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ 2022 წელი დატვირთული იყო ორმხრივი ვიზიტებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მზად არის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მიმართულებით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
15/11/2022