ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესს – გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს

30/03/2021

გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი – მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა, ვართ კიდეც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – გაფართოებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაურმა გამოსვლა ბიზნესისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს არის სექტორი, რომელიც კოვიდპანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა.

„ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით ყველა – მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მთლიანად ბიზნესი, რომელიც ხართ ძირითადი დამსაქმებელი და რეალური დოვლათის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მინდა, მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისთვის და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრა თქვენთან, თუმცა სხვა ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ აქტიური შეხვედრები და ვისაუბროთ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც ბიზნესს აწუხებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პრობლემა ძალიან ბევრია ქვეყანაში. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, უფრო ვიწრო ფორმატში ვისაუბროთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც ბიზნესს დაუგროვდა, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენ წინაშე არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის, რომ დღეს ვიმყოფებით საკმაოდ რთულ ვითარებაში, ვინაიდან, კოვიდპანდემია არის სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ეს ხედვა არის შემდეგი, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს და რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა. მეორე ის, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელზე მუშაობაც მისი დავალებით უკვე დაწყებულია და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„უკვე შექმნილი გვაქვს განვითარების საბჭო, მომავალი კვირიდან ვიწყებთ სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვინდა მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და 10-წლიანი განვითარების კონკრეტული გეგმა, თითოეული სექტორის მიხედვით. რა თქმა უნდა, ამ პროცესში თქვენი ჩართულობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ გარეშე ჩვენ ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. საინტერესოა, მოვისმინოთ თქვენი რეკომენდაციები, ხედვები, შენიშვნები და კრიტიკული მოსაზრებები, ჩვენ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი ვართ და ღიად გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, რომ ღიად მოვისმენ თქვენს რჩევებს, რეკომენდაციებს, შენიშვნებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს და ვერ დაძლევს იმ კრიზისს, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვდა. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. რა თქმა უნდა, ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ სტაბილურობას, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ა.შ. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა დღევანდელი დღისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას”, – მიმართა პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე.

„ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონების დონეზე. სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა – სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე, ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, მეგობრებო, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. აღარ მოვყვები იმ ფუნდამენტურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია დაგროვილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებული არ არის მოკლევადიანი შოკებით და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ამიტომ, ამ პრობლემებს სჭირდება გადაწყვეტა. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ სრული მზაობა თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გიცხადებთ მხარდაჭერას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებულ ხედვაზეც და აღნიშნა, რომ დაახლოებით 3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად.

„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად დავიწყებთ ამ ქონებების გამოტანას, დღეს 400 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას წარვადგენთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, მეტი მხარდაჭერა მიიღოთ როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ღონისძიების ორგანიზებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა.

პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – გაფართოების პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0