ირაკლი ღარიბაშვილი ახმეტაში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

16/04/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს – ახმეტაში დასრულების ფაზაშია ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და მდინარე ორვილას ხიდის ურბანული განახლების სამუშაოები, რეაბილიტირდება 8 შენობა და 3 პარკი, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარია. ახმეტის ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა. პრემიერმა ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მოინახულა, რომელთა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 551 000 ლარია. მინისტრმა მთავრობის მეთაურს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ახმეტაში პროგრამის – „განახლებული რეგიონები” ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორისაა – თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 12 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თიანეთიდან ახმეტამდე მგზავრობას 1:20 საათის ნაცვლად 30 წუთი დასჭირდება. აგრეთვე აღსანიშნავია ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის 11.7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა ერთმანეთთან ახმეტა-თელავი-ბაკურციხისა და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზებს აკავშირებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა. პრემიერთან ერთად ადგილზე ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0