საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებსა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდის – “USCGC HAMILTON” (WMSL 753) შემოსვლას და აღნიშნა, რომ ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს, როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის პროცესში.
„დღეს მომეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განმეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი. ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ ქვეყნის მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს ზოგადად ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების დღის წესრიგი და მასში შემავალი მრავალი საკითხი, რომლებზეც უკვე ვმუშაობთ. სანაპირო დაცვის ხომალდ „ჰამილტონს” ველით და ამიტომ ხვალ ბათუმში მივემგზავრები. გემბანზე ავალ და ხომალდს დავათვალიერებ. ყოველთვის გვახარებს ამერიკული საზღვაო ძალების გემების ჩამოსვლა საქართველოში. ამჯერად, მოუთმენლად ველი „ჰამილტონის” შემოსვლას ქვეყნის აკვატორიაში. ქართველ მესაზღვრეებს ძალიან კარგი სწავლება და წვრთნები ჩაუტარდათ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ კადრების შესაძლებლობებმა და პროფესიონალიზმმა. სიხარულით ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში მთელ რიგ საკითხებზე”, – განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი დაესწრო.