ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს შეხვდა

18/02/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ კონგრესმენს ერიკ სლოველს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. ხაზი გაესვა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ-ის მნიშვნელოვან დახმარებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ამ მიმართულებით. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ორმხრივ ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს განსაკუთრებულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ბოლო წლებში არაერთ რეზოლუციასა თუ საკანონმდებლო აქტის ინიცირებაში გამოიხატა და გამოთქვა იმედი, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე და ამ კუთხით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვან როლზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0