რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ულრიკ თიდესტრომთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მინისტრმა ელჩს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგებისა და წყალარინების, არა სახიფათო ნარჩენების მართის და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და ამ სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგებსაც. ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ჭრილში. ასევე, გააცნო ელჩს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებული, ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარების ძირითადი მიმართულებები. ულრიკ თიდესტრომმა მაღალი შეფასება მისცა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების პროგრესს. მან, ასევე, დადებითად შეაფასა ქვეყნის მოკლე და საშუალო ვადიანი ხედვები და განვითარების სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პოტენციალის გაზრდისა და გამოყენებისათვის. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს „შვედეთის განვითარების სააგენტოს“ მიერ გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისათვის. შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს სამინისტროსა და სააგენტოს თანამშრომლობის წარმატება და ისაუბრეს მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე. შვედეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ შვედეთის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა. მან ასევე, აღნიშნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობა და დაადასტურა შვედეთის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.
ირაკლი ქარსელაძე შვედეთის ელჩ ულრიკ თიდესტრომს შეხვდა
27/10/2022