საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს და ფონდის ეკონომისტებს შეხვდა. მინისტრმა სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. შეხვედრის მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, მუნიციპალური თუ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების მნიშვნელოვანი პროექტები. ასევე, ისაუბრეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრესსა და მათ თანმდევ გამოწვევებზე. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების დინამიკა, რომლის შედეგიც არის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის მაღალი შესრულება და 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების 10.1%-იანი გადაჭარბება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები – უილიამ აბელი, მინდაუგას ლეიკა, ჯიე იუ, ელიფ ტურე, მურად ომოევი და ნია შარაშიძე.
ირაკლი ქარსელაძე სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა
02/05/2023