ირაკლი ქარსელაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

29/11/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა. ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. მათ შორის, შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე. სტუმრების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოზე გამავალი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარების პროგრესს და 2024 წელს განსახორციელებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმას. შეხვედრაზე განიხილეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომავლის ინფრასტუქტურის განვითარების პროექტებს აფინანსებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა, მრავალმხრივი და ორმხრივი განვითარების პარტნიორებთან თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება. შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0