ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების პედაგოგები გაზრდილ ხელფასს თებერვლიდან მიიღებენ

23/01/2016

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებაზე წერილობით პასუხს თბილისის მერია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისათვის ხელფასების 20%-ით გაზრდის მოთხოვნით საკრებულოს ოპოზიციური წევრების განცხადებაზე პასუხი თბილისის მერიაში მზადდება და ამ წერილის შინაარსი საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, “თბილსერვისის”, “სინათლის ქალაქის” თუ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებს ხელფასები რომ გაეზარდოთ, ამისთვის 16 მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რისი საშუალებაც წლევანდელ ბიუჯეტში არ არის. მისივე თქმით, წელს ხელფასები 5-10%-ით მხოლოდ საბავშვო ბაღების პედაგოგებს გაეზარდათ, რისთვისაც წლევანდელ ბიუჯეტში 3.6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ლექვინაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების პედაგოგები გაზრდილ ხელფასს თებერვლის თვიდან მიიღებენ.
საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური ფრაქციების ხელმძღვანელებმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს. ისინი დედაქალაქის ხელმძღვანელობისაგან თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებულებისათვის ხელფასის 20%-ით გაზრდას და ავტობუსების პარკის განახლებას ითხოვდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0