ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს გასვლით სხდომაზ⁷ე, საზოგადოებას 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს. მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა საკრებულოს წევრებს და დამსწრე აუდიტორიას მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო, დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. როგორც აღინიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 21 630,00 ათასი ლარი იყო, წლის ბოლოს დაზუსტებულმა კი 39 837,4 ათასი ლარი შეადგინა. მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციაზე, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობაზე, საბავშვო ბაღებსა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე.
2022 წელს ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული საჭიროებების უზრუნვესაყოფად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით განხორციელდა ან დასრულების ეტაპზეა 114 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებაა 19 079 101 ლარი. ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაფინანსების 5 წყარო გააჩნდა, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 18, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 51, მთის ფონდიდან 1 და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 2 პროექტი განხორციელდა. შეხვედრის მონაწილეები, ასევე გაეცნენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის გაწეულ დახმარებას. აღინიშნა, რომ 2022 წელს 6 552-მა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის დახმარება და დაფინანსების ოდენობამ 1 642 527 ლარი შეადგინა. „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯამში 28 სახის ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლოთ. ხაზი გაესვა იმას, რომ გასული წლის სექტემბრიდან ახალციხის სკოლისგარეშე სახელოვნებო დაწესებულებებში-სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასო გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა კონტიგენტი. მერმა, გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც შეაჯამა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, მათ დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიშები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს, მათ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნენ.
ირაკლი ლაზარაშვილმა და დავით ლომიძემ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს
04/02/2023