ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა სამინისტროს სამომავლოდ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ მოუწოდა

16/11/2021

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა.

„ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში, ძირითადად, ასახულია ყველა ის შენიშვნა თუ წინადადება, რომელიც დაისვა პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვის პროცესში, როგორც საკომიტეტო მოსმენების, ასევე ფრაქციებში განხილვის დროს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად ტურიზმის არასრული აღდგენისა, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მაინც გაუმჯობესდა. მისი თქმით, სწრაფი აღდგენა ფიქსირდება საგარეო ვაჭრობაშიც. მაღალი ტემპებით იზრდება ფულადი გზავნილებიც და 2019 წლის მაჩვენებელს 40 პროცენტით აღემატება. ინფლაციაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მაღალი ინფლაცია პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად შენარჩუნებული ეკონომიკური პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეკონომიკამ აღდგენა უკვე დაიწყო და ამ აღდგენის მთავარი წარმმართველი კერძო სექტორი უნდა იყოს. მისი თქმით, გლობალური ლოქდაუნის ფონზე, კერძო სექტორისათვის პანდემიის შედეგების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი ყოფილიყო, რომ ეკონომიკური აღდგენა არათუ მიმდინარე წელს, არამედ 4-5 წლიან პერიოდშიც შეუძლებელი ყოფილიყო.

„შესაბამისად, ფისკალური პოლიტიკაც მიმართული იყო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიებების გატარებაზე, რაც საბოლოოდ გაზრდილ ფისკალურ დეფიციტსა და შესაბამისად გაზრდილ ვალში აისახა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ყოველთვის კერძო სექტორს მოიაზრებდა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად და მან ეს როლი უნდა დაიბრუნოს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენა, რაც პირველ რიგში ფისკალურ კონსოლიდაციას გულისხმობს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი. მისივე თქმით, მომავალ წელს ხარჯვის მაქსიმალური რაოდენობაა 20.3 მილიარდი ლარი, რომლის თითქმის 32%-ს სხელმწიფო სოციალ ვალდებულებებში და ჯანდაცვის პროგრამებში დახარჯავს, დამატებით 31%-ს მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტებსა და ეკონომიკის ხელშეწყობაზე. ფინანსთა მინისტრის თქმით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ძირითადი მიმართულებების დაფინასება იქნება შემდეგი: სოციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის მიიმართება 4 მილიარდ 543 მილიონი ლარი, ჯანდაცვის პროგრამების დაფინასებისთვის – მილიარდ 861 მილიონი ლარი, განათლების და მეცნიერის დაფინანსებისთვის – 2 მილიარდ 91 მილიონი ლარი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით – 357 მილიონი ლარი, ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამების დაფინასებისთვის – 557 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის – 5 მილიარდ 574 მილიონი ლარი, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით – 2 მილიარდ 57 მილიონი ლარი, გარემოს დაცვით პროგრამების დასაფინანსებლად – 68 მილიონი ლარი, სასამართლოს და პროკურატურის დაფინასებისთვის -170 მილიონი ლარი. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარზე მეტი იქნება. მისივე თქმით, 2022 წელს დაგეგმილია 6 პროცენტიან ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენის შემდეგ პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

„ბიუჯეტის დეფიციტი რომ ჩამოცდეს 4%-ს ეს იქნება რეალური დახმარება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის შემცირების საქმეში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაკროეკონომიკური სტაბილურობის და მდგრადობის მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის განხილვისას.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთავრობის, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა, მან მოუწოდა მთავრობას, რომ ყველა არსებული რეზერვი, ან რაც 2022 წლის განმავლობაში გამოჩნდება, მიმართული იყოს დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებისკენ. ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევებზე და ამ კუთხით ბიუჯეტის როლზე.

„კოვიდპანდემიამ შექმნა სიცოცხლის რისკის და ფიზიკური არსებობის პრობლემები. ამასთანავე, შეცვალა ფისკალური და მონეტარული წესრიგი და რეალობა. მინდა შევეხო პრობლემებს სამივე მიმართულებით – ჯანდაცვის, ანუ პანდემიის დამარცხების, ფისკალური, ანუ საბიუჯეტო კუთხით და მონეტარული, ანუ ამ შემთხვევაში ინფლაციის კუთხით,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდვითარებაა, აცრა კი, კოვიდინფექციის დამარცხების მთავარი გზაა და სხვა ეფექტური გზა კაცობრიობას დღეს არ გააჩნია. რაც შეეხება ფასების ზრდას, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, ასევე, ეკონომიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0