ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

20/01/2021

„საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს. ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი 110 მილიონი, ხოლო რეგისტრირებულია მილიონ 113 ათასი მონაწილე“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან გიორგი დანელიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება ერთ-ერთი ფუნდამენტური რეფორმაა საფინანსო სექტორში, რომელიც საქართველოში განვახორციელეთ.

„ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას მომავალში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა საპენსიო სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ ირაკლი კოვზანაძეს სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე სამომავლოდ საპენსიო სააგენტოს, საკანონმდებლო კუთხით, სრულ მხარდაჭერას დაპირდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0