საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დოჰაში იმყოფება, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, თალათ ქსაფერის შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირის გააქტიურებისა და ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს ამ მიმართულებით, მსგავსი მისწრაფებები და ინტერესები აერთიანებს და მნიშვნელოვანია, რომ საერთო მიზნების მისაღწევად ორმხრივი პარტნიორობა კიდევ უფრო გააქტიურდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება მიულოცა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან კარგი და წარმატებული შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ ურთიერთობების მრავალი მიმართულებები, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების და გაღრმავების საკითხები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ.