ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

04/12/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვისა და რუსეთთან ურთიერთობაში შუამავლის ფუნქციის ეფექტურად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის მიერ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და პრეზიდენტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარებისთვის, ასევე, დეცენტრალიზაციის რეფორმის აქტიური ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას გახსნის.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრეს. ქართული მხარის განცხადებით, აუცილებელია, ოკუპირებულ რეგიონებში შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ამ პროცესში შვეიცარია ჩვენს ქვეყანას მხარდაჭერას გაუწევს.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს განვითარების თანამშრომლობის პროგრამების განხორციელებას საქართველოში. დორის ლოიტჰარდმა აღნიშნა, რომ პროგრამების ძირითადი ფოკუსი კვლავაც იქნება სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და მმართველობის სისტემა. აგრეთვე, მისივე თქმით, შვეიცარია გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერასა და ტექნიკური დახმარების გაწევას დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმართულებითაც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
„შვეიცარია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, რუსეთის აგრესია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობაა. შვეიცარიას შეუძლია, რომ დაგვეხმაროს იმაში, რომ როგორც მინიმუმ საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ ჟენევის ფორმატის მიმდინარეობაზე. ჩვენი მთავარი პოზიცია იყო, რომ საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება რუსეთთან მიმართებაში. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სულ მალე ძალაში შევა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მათ შორის შვეიცარიასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქტივობას გამოიწვევს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0