ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრს შეხვდა

12/03/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიზიტით ბერლინში იმყოფება, სადაც პროგრესული ალიანსის ყრილობაში იღებს მონაწილეობას. ყრილობის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრთან, სტეფან ლოფენთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მისი ევროპული ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ შვედეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი მხარდამჭერია საქართველოსი, ჩვენი სუვერენიტეტის და ასევე, მან ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩვენს ჩართვას თავის დროზე, ასევე, ძალიან აქტიურია ჩვენს მხარდაჭერაში ევროპის მიმართულებით. შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ, მათ გამოთქვეს სურვილი, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით- როგორც პარტიულ დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დონეზე. ვფიქრობ, რომ ძალიან ინტენსიური გახდება ჩვენი ურთიერთობები შვედეთის სამეფოდან, საიდანაც ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვიძლია მივიღოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – მამუკა მდინარაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0