ირაკლი კობახიძე სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს

23/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და დაშავებულ სამართალდამცავებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
რაც შეეხება სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს საკითხი შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოებისგან კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემდეგ გადაწყდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით განხილვები სხვადასხვა ფორმატში შედგეს.
„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოვთქვა ამის გამო. მინდა, დაჭრილებს ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება, შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით, ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად.
კითხვები არსებობს და ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს განხილვები ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია გამოცდილმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ.
„მე არ ვარ ამ საქმის ექსპერტი. გამოდიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მე ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამის გამოცდილება ამ კუთხით და პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0