საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ჰანი ალ მულქისთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანი პერსპექტივა არსებობს.
„დღეს შევხვდით სენატის თავმჯდომარეს, ასევე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, პოლიტიკურ ასპექტებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღვნიშნეთ, რომ არის პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად განვავითაროთ. გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა, თუმცა, არის დიდი პერსპექტივა იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრას საპარლამენტო დელეგაციის წევრები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში – გრიგორ ტაბატაძე ესწრებოდნენ.