ირაკლი კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

26/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერთან, ატეფ ტარავნესთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა აქტიური საპარლამენტთაშორისო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„დღეს დაიწყო ოფიციალური ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში. იორდანიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, ასევე, მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება, ასევე, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა, სადაც არის განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0