საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუსტაფა შენტოფს სპიკერის პოსტზე არჩევა მოულოცა. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა თებერვალში ანკარაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა და შედეგები. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
თურქეთის პარლამენტის სპიკერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის შექმნილი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის მუშაობის გააქტიურების აუცილებლობას. მუსტაფა შენტოფმა თურქეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა და მიესალმა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას. ირაკლი კობახიძემ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ახლადარჩეული სპიკერი საქართველოში მოიწვია.
„განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ასპექტები, ხაზი გავუსვით ამ თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სპიკერი დაგვპირდა, რომ მისი თავმჯდომარეობის პირობებშიც გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მაღალი რანგის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი შეხვედრა გაგვემართა ჩემს ქართველ კოლეგასთან. გვსურს კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველო ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, ქართველები ჩვენი ძმები და დები არიან და ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო გავაღრაოთ ჩვენს ხალხებს შორის არსებული დაძმური კავშირები. გვწამს, რომ მაღალი რანგის შეხვედრებს ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მუსტაფა შენტოფმა.