საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ქვეყნის პრემიერმინისტრთან, იური რატასთან გამართა. არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ესტონეთის პრემიერმინისტრმა იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა ესტონეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერაში.
„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად ძლიერია ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ესტონელები არიან ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები, ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ზოგადად, გვქონდა ძალიან პროდუქტიული ვიზიტი, ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე – როგორც პოლიტიკურზე, ასევე ეკონომიკურზე, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ესტონეთის პრემიერმინისტრმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს და ესტონეთს ასეთი ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ესტონეთი ასი პროცენტით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ძალიან მტკიცე პარტნიორები ვართ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებაზე საუბრისას. ვფიქრობ, რომ გვჭირდება და გვაქვს კიდევაც ძალიან დიდი პოტენციალი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ საპარლამენტო დონეზეც. რამდენიმე თვის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს ნიუ-იორკში და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო და მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება“, – აღნიშნა იური რატასმა.
ესტონეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თანმხლებმა დელეგაციამ ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.