საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა. მხარეებმა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ყურადღება პროვოკაციებზე, მედია გაშუქებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე გამახვილდა.
„გვქონდა საინტერესო დისკუსია NDI-ის წარმომადგენლებთან, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, რომ არავის, არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს კამპანიის შინაარსი. კამპანია, ოპონენტების მხრიდან, აგებულია შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, აგრესიულ განცხადებებზე, პროვოკაციებზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დამკვირვებლებს. გვქონდა, ასევე, საუბარი, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, მათ შორის, გავამახვილეთ ყურადღება პროვოკაციებზე, მედიის მხრიდან გაშუქებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე. ამასთან დაკავშირებით, მივაწოდეთ ინფორმაცია, მოვისმინეთ შეკითხვები, გავეცით პასუხი შეკითხვებს. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.